четверг, 9 января 2020 г.

752

გუშინ მთელი ღამე ვერ დავიძინე.
იმ ხალხზე მეფიქრებოდა, თვითმფრინავში რომ ისხდნენ და ახლა აღარ არიან.
ალბათ რამდენი გეგმა ჰქონდათ, მიზნები, ოცნებები.
აეროპორტში ალბათ ვიღაც ელოდებოდათ, საღამოც დაგეგმილი ექნებოდათ. ჩაფრენისთანავე მოსაგვარებელი საქმეები.
ალბათ რომელიმე ჩემსავით ჩაფრენისთანავე კოსმეტოლოგთან და ფრჩხილებზე იქნებოდა ჩაწერილი.
ალბათ რამდენ რამეს აპირებდნენ და ახლა არაფერი. აღარ არსებობენ და მათი გვამებიც ჯერ არ ამოუცნიათ და ვინ იცის როდის გადაასვენებენ თავიანთ სახლებში.
დილამდე ვერ დავიძინე, ირანის დროით 6:12--ზე ვფიქრობდი რომ ზუსტად 24 საათის წინ ამ დროს ასაფრენ ბილიკზე იყვნენ.
ზოგი ალბათ ელოდა როდის დაიწყებდა სიჩქარის აკრეფას თვითმფრინავი, რათა მოზღვავებული ადრენალინისთვის გზა მიეცათ. ალბათ ვინმე იქნებოდა 176 ადამიანიდან, ვისაც ჩემსავით ეშინია აფრენის და სანამ ყველა არსებულ ღმერთს შველას თხოვდა, თვალებით ეძებდა ვისთვის ჩაეჭიდა ხელი. თან ალბათ ფიქრობდა რომ ეს შიში არარაციონალურია, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და ჩაფრენისთანავე ყველაფერი ცუდი დაავიწყდებოდა.
ვიწექი და ვფიქრობდი , რომ ზუსტად 24 საათის წინ ეს ადამიანები ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ სულ რამდენიმე წუთში ისინი აღარ იქნებოდნენ. რომ სანამ მათ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და რამდენიმე წამია მათ სიკვდილამდე, ნახევარ მსოფლიოს სძინავს. ვერ წარმოიდგენდნენ რომ ზუსტად 24 საათში ვიღაც მათზე იფიქრებდა , ვერ წარმოიდგენდნენ რომ მისი და გვერდით მჯდომი მგზავრის ფოტოები რამდენიმე საათში ინტერნეტში იქნებოდა ერთ კოლაჟად ჩასმული, მათი სახელების კი გუგლში ჩაწერის დროს თვითმფრინავის ნამსხვრევებს ამოაგდებდა საძიებო სისტემა.
რომ მზე ისევ ამოვიდოდა რამდენიმე საათში და ისინი აღარ იქნებოდნენ. ვინ იცის რას ფიქრობდნენ, როგორ ეშინოდათ.
6:12-ზე ვიწექი და ვფიქრობდი ამ ყველა ადამიანზე. რას გრძნობდნენ ზუსტად 24 საათის წინ. იქნებ რომელიმეს კიდევაც აგვიანდებოდა აეროპორტში, ეშინოდა რომ ფრენაზე დააგვიანებდა და რომ მიუსწრო თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა ზურგიდან. 6:15 -ზე ვიცოდი რომ უკვე სხვა რამეზე ფიქრობდნენ. ალბათ როგორ ეშინოდათ და არ იცოდნენ რა ხდებოდა და რატომ. ალბათ როგორ თხოვდნენ ყველა ღმერთს შველას. ნეტავ თუ იცოდნენ რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი დამთავრდებოდა. რომ დილით მთელი მსოფლიო მათზე ალაპარაკდებოდა.. მაგრამ, ისინი აღარ იქნებოდნენ. რომ მეორე ღამეს, ვიღაც უცხო ადამიანები მათ სოციალურ ქსელში მოძებნიდნენ და წარმოიდგენდნენ როგორები იყვნენ, რაზე ოცნებოდნენ, რა უყვარდათ, სად მოგზაურობდნენ...
მთელი ღამე მათ ფოტოებს ვათვალიერებდი. ერთისას განსაკუთრებით,  რაღაცნაირი სახე ჰქონდა, თვალები. რას წარმოიდგენდა რომ ვიღაც უცხო ადამიანები მის ფოტოებს მოწყენილ სმაილებს დაუწერდნენ სულ რამდენიმე საათში. ან როგორ უნდა წარმოიდგინო მსგავსი რამე.  მე კიდევ სულ ამ ადამიანებზე  მეფიქრება და როგორც რაიმე სტატია დაიდება მათ ფრენაზე, ეგრევე ვკითხულობ, რათა გავიგო რა მოხდა და რატომ.
ახლაც ვერ ვიძინებ და ნეტავ 48 საათის წინ ამ დროს რას აკეთებდნენ და რაზე ფიქრობდნენ...
ასე საშინლად არავინ არ უნდა კვდებოდეს..

Комментариев нет:

Отправить комментарий